10-12-2019
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი გერმანიიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევებასთან დაკავშირებით, სარკისებურ ზომებს მიიღებს, მაგრამ ეს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებში კრიზისს არ გამოიწვევს.
”თუ თქვენ შურისძიების ზომებზე მეკითხებით, ასეთ შემთხვევებში, უბრალოდ არსებობს დაუწერელი კანონები. თქვენ გააძევეთ ჩვენი დიპლომატები, ჩვენ თქვენსას გავაძევებთ. ეს ყველაფერია”, – განაცხადა პუტინმა “ნორმანდიული ფორმატის” ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვას უპასუხა.
”არის რაიმე სახის კრიზისი ურთიერთობაში? კარგი არაფერია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რაიმე კრიზისი უნდა არსებობდეს”, – აღნიშნა პუტინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის გააზრება აუცილებელია.
”მაგრამ ჩვენ ვეთანხმებით კანცლერს (ანგელა მერკელი – “აიპრესი”), რომ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვითარება გაირკვეს და ჩვენს გერმანელ კოლეგებს დავეხმაროთ”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, კარგი იქნება, თუ რუსეთი და გერმანია არა მხოლოდ ასეთ ტრაგიკულ საკითხზე, არამედ სხვა თემებზეც ითანამშრომლებდნენ.
”რუსულმა მხარემ არაერთხელ დააყენა გერმანელ კოლეგებთან ამ ბანდიტისა და მკვლელის ექსტრადიციის საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენ ურთიერთგაგება ვერ ვიპოვეთ”, – განმარტა პუტინმა.
ადრე, გერმანიამ მოსკოვი გააკრიტიკა და განმარტა, რომ რუსეთი დანაშაულის გამოძიებაში მათთან არ თანამშრომლობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამ ნაბიჯს მხარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაუჭირა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ დიპლომატების გაძევების გამო, რუსეთის მხრიდან სარკისებური, ადეკვატური და სიმეტრიული რეაგირება არ გამორიცხა. დეპუტატმა ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსს” განუცხადა.
მისი თქმით, გერმანიაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევება “რუსოფობიური ისტერიით მოქმედება” და ბერლინის მხრიდან გადადგმული “არამეგობრული ნაბიჯია”.
ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილი”ნაცმოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში, 2012 წელს, ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ “ლაფანყურის სპეცოპერაციაში” ფიგურირებდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, მოკლული ხანგოშვილი ის პირი იყო, ვინც 2012 წლის აგვისტოში სპეცოპერაციის შემდეგ, ქართველ სამართალდამცავ უწყებებსა და შეიარაღებულ ჩეჩნებს შორის შუამავლობა იკისრა. რამდენიმე წლის შემდეგ, 2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილს თბილისში “გაგარინის მოედანზე” ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგ მან საქართველო დატოვა.
ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, ის რუსეთ-ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდა, რის გამო რუსეთის ფედერაციის პოლიციამ ხანგოშვილი ძებნილად გამოაცხადა.