10-12-2019
"ხარისხინ წამალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით მინდა გამოვყო ორი ეტაპის ინტერვენციები. პირველ რიგში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე", - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"გარდა ამისა, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მექანიზმის გაუმჯობესებაზე. წარსულში ეს მექანიზმი გარკვეული ხარვეზებით მოქმედებდა და ამჟამად მიდის მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას ესენციური მედიკამენტების ნუსხა კლინიკური დაავადებებისთვის; ასევე, განისაზღვროს რეფერენტული ფასები ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან შეთანხმებით კონკრეტულად ამ ნუსხაში, რაზეც მოხდება შეთანხმება და ამის მიხედვით გააგრძელებს სახელმწიფო ამ მედიკამენტების შესყიდვას“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ქრონიკული დაავადებების მართვისთვის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხის შესაძლო გაზრდაზე.
მათ შორის, მინისტრის მოადგილის განმარტებით, საუბარია ბავშვთა ასაკის მოსახლეობისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე, რომელიც ამჟამად 36-ე დადგენილებითაა განსაზღვრული, თუმცა აღნიშნული ნუსხა ეტაპობრივად უნდა გაფართოვდეს.