11-12-2019
შრომის საერთაშორისო სტანდარტებისა და მისი საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების შესახებ იურისტები და პროფკავშირების ლიდერები სამდღიან კონფერენციაზე იმსჯელებენ. მასში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პროფკავშირების ლიდერები და იურისტები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ბიუროების ხელმძღვანელები და ექსპერტები ჟენევიდან, ბრიუსელიდან და შრომის საკითხების სპეციალისტები.
განიხილება ისეთი მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ფუნდამენტური პრინციპები და უფლებები სამუშაო ადგილებზე, გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკება კონვენციები 87 და 98, იძულებითი შრომა და ბავშვთა შრომა, შრომის საერთაშორისო სტანდარტები (ILS) დისკრიმინაციის შესახებ. კონვენციები 111 და 100 და აგრეთვე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დასაქმებულთა მთავარი გამოწვევები და პრობლემები.
სამდღიან კონფერენციას სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ" ში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, 09:30 ზე გაიხსნის.
კონფერენცია ადამიანის უფლებათა დღეების ფარგლებში იმართება და ეხება ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დასაქმებულებს აქვთ საქართველოში და რეგიონის მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ამ მნიშვნელოვან თარიღს და ადამიანის უფლებათა დღეებს, არაერთი ღონისძიება მიუძღვნა თბილისსა და რეგიონებში, გამართა ტრენინგები, ორი კვლევის პრეზენტაცია, ღია ოფისები და გამოაცხადა ფოტოკონკურსი თემატიკაზე "არა ქალთა მიმართ ძალადობას სამუშაო ადგილებზე".
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.