11-12-2019
„ჩვენ გვყავს ჯარი, რომელიც იცავს სამშობლოს. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა და მთავარი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. პრეზიდენტმა ვერ გამოხატა ის, თუ რისი თქმა უნდოდა. მგონია, რომ პრეზიდენტს სხვა რამის თქმა სურდა. ალბათ, პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა.
პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული.
„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.