გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი "რუსთავი 2"-ის საქმეზე: საკუთრების უფლების წართმევა წინა ხელისუფლების მკაფიო ხელწერა იყო

11-12-2019

„საკუთრების უფლების წართმევა წინა ხელისუფლების მკაფიო ხელწერა იყო“ - ასე გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი.

ტვ „იმედის“ თოქშოუში „არენა“ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის დროს "რუსთავი2"-ის საქმე დეტალურად აქვს შესწავლილი.

„მე, როგორც მაშინდელ სახალხო დამცველს, დეტალურად მაქვს შესწავლილი საქმე. ის, რაც თქვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მართლაც ყველაზე მაღალი ნდობისა და რეპუტაციის მქონე სასამართლო ინსტანციამ, იგივე მაქვს ნათქვამი ჩემს მოხსენებებში, სადაც მკაფიოდ მაქვს დასაბუთებული, რომ ეს იყო საკუთრების უფლების აბსოლუტურად უკანონო წართმევა ხელისუფლების მთელი ძალაუფლებისა და მექანიზმების გამოყენებით. საკუთრების უფლების წართმევა იმ ხელისუფლების მკაფიო ხელწერა იყო“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ივნისში გამოტანილი სამივე გადაწყვეტილება იყო განაჩენი წინა ხელისუფლებისთვის.

„ერთი ეხებოდა ციხეში ადამიანების წამებას და ადამიანების უფლებების სასტიკ დარღვევას, მეორე - ვაზაგაშვილის საქმე ეხებოდა უაპელაციო მკვლელობებს ქუჩაში, რაც ასე დამახასიათებელი იყო იმ პერიოდისთვის და მესამე იყო "რუსთავი2"-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, სადაც პირდაპირ თქვა სტრასბურგის სასამართლომ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უაპელაციოდ არღვევდა საკუთრების უფლებას, ისევე, როგორც თქვა, რომ საქართველოს სასამართლოებმა აღადგინეს საკუთრების უფლება, საქართველოში იყო სიტყვის თავისუფლება, სარჩელს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი და საქართველოში იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება და ეს უფლება იყო დაცული. თუმცა, იმის გამო, რომ ერთმა მოსამართლემ გამოთქვა განსხვავებული აზრი, მხარეს საშუალება მიეცა მოეთხოვა გასაჩივრება, რომ დიდ პალატას განეხილა, მაგრამ დიდ პალატამდე საქმე არ მივიდა, რადგან ხუთმა მოსამართლემ ერთხმად შეისწავლა საქმე და თქვა, რომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რადგან სამართლიან სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობდა. დანარჩენ ორზე რომ კითხვა არ არსებობდა ეს შვიდივე მოსამართლემ დაადასტურა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შესაბამისად, მისი თქმით, ეს იყო კიდევ ერთხელ რეჟიმის გასამართლება.

„ეს იყო კიდევ ერთხელ რეჟიმის გასამართლება და ყველა იმ ადამიანის მხილება, რომლებსაც აბსოლუტურად უსაფუძვლო აჟიოტაჟი ჰქონდათ ატეხილი მრავალი წლის განმავლობაში და ახლაც გრძელდება, თითქოს საქართველოში, ამ კონკრეტულ საქმეში დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, იდევნება სიტყვის თავისუფლება და თითქოს ყველაფერი კარგად იყო წარსულში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930