თინა ბოკუჩავამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილებაც გააპროტესტა ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო.
"ჩვენ არ გთვლით ღირსად, რომ აქ შემოვიდეთ, მაგიტომ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ როდესაც შემოვიდვართ და როცა ამას ჩავთვლით საჭიროდ, კეთილი ინებეთ და იმის უფლება მოგვეცით, რომ გამოვიდეთ სიტყვით და გაგაგონოთ ხალხის ხმა. იმალებით პოლიციის კორდონების უკან, რკინის კონსტრუქციების უკან, მაგრამ ეს არ გიშველით, რადგან ქართველი ხალხი, მაინც გაგაგონებთ საკუთარ ხმას. დღეს უზენაესი სასამართლოს მონებით დაკომპლექტება არ უნდა მოხდეს", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას მოუწოდა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას კომიტეტის სხდომას დაატოვებინებდა.
"მონები ვინ არიან და რას აკეთებდნენ ვიცი, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც ამათ უნდა გავუყადროთ თავი. ამათ სხდომის ჩაშლა უნდათ. მათ უნდათ რომ ავყვეთ და ვაკადროთ ის, რისი ღირსებიც არიან", -აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება. დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ხელს შეუშლიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრას.