12-12-2019
მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დამთვალიერებელს ექნება უნიკალური შესაძლებლობა იხილოს ბრიტანეთის მუზეუმში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტა.
გამოფენის დასრულებასთან დაკავშირებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კარი ყველა მსურველისთვის გაიღება 18:00-დან 21:00 საათამდე. სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამები და კოსტიუმირებული სანახაობა - მსახიობები დავით აღმაშენებლის ეპოქას გააცოცხლებენ.
ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტა ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოსა და ეროვნული მუზეუმის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჩამოვიდა საქართველოში. აღნიშნული მონეტა დავით IV აღმაშენებლის მოჭრილ მონეტებს შორის გამორჩეულია მასზე არსებული წარწერითა და გამოსახულებით. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს. რევერსზე კი მონეტის ცენტრში, ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა".