15-12-2019
„ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, როგორც მოქალაქეები, ვდგავართ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გვერდით და ერთიანი ვართ მისი გათავისუფლების მოთხოვნაში. განსხვავებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეიძლება იყოს”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში ყოფნა გაუგონარი ბოროტებაა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიური გამოწვევაა სახელმწიფოსთვის.
"ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ, კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურ გამოწვევას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელი არის ოკუპაციაზე, რაოდენ დესტრუქციულია და რაოდენ უპასუხისმგებლოდ ექცევა ადამიანებს, ადამიანის უფლებებს და იმ ძირითად ღირებულებებს, რომელსაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს. მისი ოჯახის მოთხოვნა და საზოგადოების, ჩვენი ყველას მოთხოვნა არის ლეგიტიმური. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, როგორც მოქალაქეები, ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით და ვდგავართ მისი გათავისუფლებისთვის ერთად. განსხვავებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეიძლება იყოს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებამ ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობაში ყოფნის საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენა და კომუნიკაცია აქვს ყველა შესაძლო მხარესთან, რომელსაც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილის შეტანა შეუძლია.
„როგორც ხედავთ, ჯერჯერობით, ტრადიციულად თავის სტილში, რუსეთის ფედერაცია იყენებს უბრალო ადამიანებს და ამ შემთხვევაში, იყენებს ექიმის პატიმრობას მანიპულაციისთვის. ვხედავთ, რომ ამან უკვე მიიღო ხასიათი, სადაც მთელი მსოფლიო, პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი. ახლა ჩვენი ამოცანა არის მისი გათავისუფლება და მომავალში ჩვენი ამოცანა არის, შევინარჩუნოთ ჩვენი პრინციპული პოზიცია - არანაირი დათმობა საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება და ვაჟა გაფრინდაშვილმაც ამის მაგალითი მისცა ყველას.
დღეს ყველა ჩვენგანის საერთო მოთხოვნა და საერთო ამოცანა არის, რომ, ის დროულაად გათავისუფლდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე გათავისუფლდება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს ყველა საერთაშორისო ფორმატში თავისი პრინციპული პოზიციის დაცვას.”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.