18-12-2019
თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება, - ამის შესახებდედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგება.
„რამდენიმე თვეა მიმდინარეობს თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია, რაც კოჭების შეცვლას, ბურჯების თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ამჟამად, სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულებული იქნება. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს. რამდენიმე დღეში ავტომობილებით გადაადგილება უკვე შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა.
„კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული იყო აქ გადაადგილება. ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო და საჭიროებას წარმოადგენდა. თამარ მეფის ხიდის პანდუსი ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებულია და რამდენიმე ათეულ წელს გაუძლებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თამარ მეფის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „კონსტრაქშენსერვისმა“ აწარმოა.