გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ერთი დიდი გამოუსწორებელი შეცდომა ყველამ უკვე დავუშვით... ნუღა დავამატებთ ახალს!!!“ - დავით გადელია

19-12-2019

ექიმი დავით გადელია 15 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

 

„სულის ტკივილმა, თანაგანცდამ, გონება არ უნდა დაგვაკარგინოს. ამ ბავშვის უბედურება, არსებულ პრობლემათა რთული ჯაჭვია. ასე ერთი ხელის მოსმით ვერ გადავწყვეტთ. არც სხვაგან გადაუწყვეტიათ ერთხელ და სამუდამოდ. ძალიან სახიფათოა მასის ფსიქოლოგიაში გადავარდნა. ცალკეული ჩვენთაგანის გაბრაზება, გაბოროტება, ერთმანეთთან რეზონანსში მოდის და ფიზიკის კანონებით ბობოქარ მეწყერად იქცევა. გვეკეტება გონება, მუშაობს მხოლოდ პრინციპი "სისხლი, სისხლის წილ!" როგორც ძველად თემებში, ან რომაულ ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში იყო, სანახაობის დროს. "დაისაჯოს სამაგალითოდ!" "კაციჭამია პოლიციელები!" "ის სკოლა ნაცების ბუდეა- ჰკა მაგათ, რა იციან მაგათ ბავშვი და ადამიანობა!!.."
...ახლავე ვამბობ, ამ დიდ ტრაგედიაში მონაწილე არცერთ ადამიანს არ ვიცნობ. ბავშვის ამბავი, ჩემი უახლოესი ოჯახივით განვიცადე, მაგრამ იმ სხვა მონაწილეებსაც ხომ ჰყავთ ოჯახი, აქვთ გული... ვინ იცის წინასწარ შედეგი, თორემ დედიდან დაწყებული, ჩემით- სულ უცხო ადამიანით დამთავრებული, ყველაფერს ვიზამდით ამ ტრაგედიის ასარიდებლად. არსებობს გაუთვალისწინებლობით გამოწვეული ქმედებები -კი ბატონო, შეცდომაც დავარქვათ, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი ყოველდღე ვუშვებთ და არ გვგონია რომ ამას რაიმე ფატალური შედეგი მოყვება. ძირითადად, არც ყვება და ჩვენც ყველა ასეთ სიტუაციაში ვიქცევით სტანდარტულად. ამავე დროს, არის ისევ ჩვენს, ადამიანების მიერ გასაზღვრული ქცევის დოგმები, რომელთა არშესრულებას დანაშაული ქვია. ვნახოთ ჯერ- დაარღვიეს დადგენილი კოდექსი ამ ადამიანებმა, თუ უბრალოდ ვერ წარმოიდგინეს ის რაც მათ, შესაძლებელია კანონიერ ქმედებას მოყვა. ნუ გამოიყვანთ ისე, რომ პოლიციელი ქალბატონი, რომელიც მდგომარეობის გამო საკაცეთი წაიყვანეს დასაკავებლად, მხოლოდ სიბოროტისთვის იყო მომართული. ვერც სკოლის მესვეურებზე ვიტყვი, "რატომ არ ასწავლეს უფასოდ", ან რატომ არ დახუჭეს თვალი ბავშვის ქმედებაზე და დაურეკეს პოლიციას. ნუ განვიკითხავთ ასე ხელაღებით სხვას, საკუთარ თავზე და სულზეც ვიფიქროთ. მე მაგალითად, მიწევს ავადმყოფისთვის კანონით დაწესებული გადასახადის მოთხოვნა და თუ ეს თანხა არა აქვს საშინელ პრობლემებს ვაწყდები. კარგი ერთს დაეხმარე, ორს.. ყველას ხომ ვერ დაეხმარები უფასოდ??! არადა ბევრია მსურველი! აქაურ მეგობრებში არიან მაღაზიების, რესტორან-სასადილოების მფლობელები და ბევრი მათგანი ეწევა ქველმოქმედებას, საკუთარი ნებით, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ დააკმაყოფილებს შესაძლებლობის არმქონე ყველა მსურველს. ის ამბავიც გავრცელდა, რომ საშინელ დღეში არიან თავად სკოლის ხალხი... ან რა გავრცელება უნდა- მე მწამს ადამიანის კეთილი საწყისის და უთქმელადაც დარწმუნებული ვარ, საშინელ განსაცდელში არიან- თანაც არამხოლოდ დაჭერის შიშის გამო...
ვიმეორებ, ძალიან კომპლექსური პრობლემაა, სხვადასხვა მიმართულებით- სიღარიბე, სოციალური დაცვა, მოზარდებთან ურთიერთობის და ქცევის კორექტირების, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ა.შ. და ეს პრობლემები მეტნაკლებად ყველგანაა. ნუ გავაკეთებთ ერთეული ადამიანების დემონიზაციას (სხვათა შორის, ეს მოქმედება ქვეცნობიერ სიამოვნებას გვანიჭებს- "ისაა ცუდი და მამაძაღლი, თორემ მე გადასარევი ვარ და არაფერ ამაში ბრალი არ მიმიძღვის!"), გვახსოვდეს რომ ისინიც ადამიანები არიან, მათ უკან ოჯახებია და ერთი დიდი გამოუსწორებელი მორალური შეცდომა ყველამ უკვე დავუშვით. ნუღა დავამატებთ ახალს. თუ რამე კრიმინალია მათ ქმედებაში- აუცილებლად დადასტურებული და შესაძლებლობის ფარგლებში ცივი გონებით უნდა გაარკვიოს შესაბამისმა ორგანოებმა, რომელთაც ახლა თუ სუბიექტურობას დავწამებთ- ვფიქრობ არა ამ ხალხის სასარგებლოდ.“

alia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930