გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უწყებებმა სისტემაში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების კონკრეტული გზები ერთ კვირაში უნდა წარადგინონ

20-12-2019

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების პარალელურად არსებული ხარვეზების აღმოფხვრისადმი სისტემური მიდგომა ამ ტრაგიკულმა ფაქტმა დააჩქარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ქვეყანას აქვს საკმაოდ კარგი, ბავშვის ინტერესებზე მორგებული კანონმდებლობა, რაშიც იუსტიციის სამინისტროს დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა პრაქტიკაში საკმაოდ ბევრი გამოწვევა არსებობს.

ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა პრობლემების აღიარების აუცილებლობას და სამინისტროების წარმომადგენლებს მოუწოდა, პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებზე, მათ შორის კანონმდებლობის აღსრულების ნაწილში, ღიად ისაუბრონ სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობით, ვინაიდან ისინი არსებულ გამოწვევებს განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობა. გასაგებია, რომ ბევრ საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებები ხშირად ვერ თანხმდებიან რაღაც საკითხებზე, მაგრამ ამის მიუხედავად, სამინისტროს წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, რომ ყველა საკითხში, რაზეც ვიმსჯელებთ ამ ფორმატში, თუ თქვენ - ინდივიდუალურად სამინისტროში, უზრუნველვყოთ ამ ადამიანების ჩართულობა, ვინაიდან ისინი განსხვავებული პერსპექტივიდან, განსხვავებულად ხედავენ სამინისტროებში არსებულ გამოწვევებს და შესაბამისად, ამ მხრივ კომუნიკაცია მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, პროცესი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში წარიმართება და მას კოორდინაციას მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო გაუწევს.

შეხვედრას განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველის მოადგილე, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და ექსპერტები ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კოორდინაცია გაგრძელდება და შემუშავდება კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ასევე - საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. აღინიშნა, რომ ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური და შედეგიანი, რათა თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ტრაგიკული მოვლენები.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 25 დეკემბერს გაიმართება, რომელზეც სამინისტროებმა უწყებებში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების კონკრეტული გზები უნდა წარადგინონ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930