გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკურ სპექტრს ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი

20-12-2019

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური მსჯელობა იყო და პოლიტიკური სპექტრის მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ იყო.
ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, თუმცა ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების და მმართველ გუნდში შექმნილი წინააღმდეგობების გამო, ამ საკითხის ირგვლივ არსებული მყიფე კონსენსუსის შენარჩუნება გუნდში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

შესაბამისად, 2019 წლის 14 ნოემბერს, აღნიშნული ინიციატივასთან დაკავშირებული საკინსტიტუციო ცვლილებება პარლამენტში ჩავარდა.

ამ მოვლენამ ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა და პოლიტიკურ ველზე დაძაბულობის ხარისხი გაზარდა.

დაძაბულობა იყო ვითარება ჩვენი გუნდის შიგნითაც - მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი არათუ პროპორციულ, არამედ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც კი მოითხოვდა. ამ ვითარებაში, არსებობდა გუნდის დაშლის და ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების შექმნის საფრთხე.

ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ მმართველ პარტიას, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, ერთი დღე არ შეუწყვეტია კომპრომისების ძიება და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანადგომა. ამისთვის, გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მათ, რადგან კომპრომისების ძიებას, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებას და ქვეყნის მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას ალტერნატივა რა თქმა უნდა არ გააჩნია.

რთული პროცესების შედეგად, „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, არსებულ ვითარებაში ოპტიმალურ, კომპრომისული გადაწყვეტილების შეთავაზება და მიღება.

პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-დამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში.
ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება.

შესაბამისად მომავალ პარლამენტში იქნება 100 პროპორციული მანდატი , თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროპორციაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს რეფერენდუმზე გარკვეულწილად გამოხატული აქვს საკუთარი ნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების სახით აისახა კიდეც კანონმდებლობაში 2005 წლის 23 თებერვალს და განისაზღვრა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგან 100 - პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმმა ამის ლეგიტიმაცია არ მისცა წინა ხელისუფლებას, სამწუხაროდ, 2008 წლის 12 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გარეშე და საწინააღმდეგოდ შეცვალა ეს თანაფარდობა და მათ გაზარდეს მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა, პროპორციულის ხარჯზე. მაშინ მიღებული იყო გადაწყვეტილება ზუსტად საწინააღმდეგო იმისა, რასაც ჩვენ ახლა ოპოზიციას და საზოგადოებას ვთავაზობთ.

რა თქმა უნდა, ყველა საარჩევნო სისტემა, როგორც სრულად მაჟორიტარული, პროპორციული თუ შერეული, დემოკრატიულია და თითოეულ მათგანს საკუთარი უპირატესობა და ნაკლი აქვს.

ჩვენ ვხედავთ, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა პოლიტიკური კრიზისების წყარო ხდება განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ისეთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა გერმანია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია და არაერთი სხვა მაღალგანვითარებული სახელმწიფო. ამის ნათელი მაგალითია ისრაელიც, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გამო ვერ ხდება მთავრობის ფორმირება და ბოლო 1 წლის განმავლობაში, უკვე მესამედ უწევს არჩვენების ჩატარება, რაც ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის რა თქმა უნდა იქნება კრიტიკული და იქნება დესტაბილიზაციის აშკარა საფუძველი.

შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის, პოლიტიკურ კლასში პოლარიზაციის ხარისხის და კომპრომისების პოვნის ტრადიციის დეფიციტის გათვალისწინებით, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ნამდვილად ახლავს სახელისუფლებო კრიზისის და ქვეყნის დესტაბილიაზაციის მაღალი რისკები, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის კოალიციის შექმნას და რაც ხშირად გამოიხატება ისეთი ელემენტარული გადაწყვეტილებების ვერ მიღებაზე, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე.

ყველას გვახსოვს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საჯარო განხილვების დროს ჩვენი მოქალაქეებიც კითხვებს გვისვამდნენ.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოსთვის, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის საუკეთესო სწორედ ამ კონტექსტში სწორედ შერეული საარჩევნო მოდელია, რომელსაც, შეგახსენებთ, რომ იტალია სრულად პროპორციული სისტემის შეცვლის შემდეგ ახლახანს დაუბრუნდა.

აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს მაჟორიტარი დეპუტატების წილსაც, თუმცა გაცილებით სჭარბობს პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა.

„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ამ ინიციატივით, პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა, მაჟორიტართა რიცხვის შემცირების ხარჯზე, 2/3-მდე იზრდება, რაც არის მნიშვნელოვანი ცვლილება. სწორედ მეტი პროპორციულობა იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი რეკომენდაციაც და რეფორმების სულისკვეთებაც, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ერთი წლის წინ.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ პოლიტიკურ სპექტრს, ვინც დაინტერესებულია ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებით, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხის განხილვაში და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ჩართულობით, სწრაფად მივაღწიოთ კონსენსუსს და დავასრულოთ ამ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკური ვნებათაღელვა.

ვაზუსტებ - გუნდში მიღწეული კონსესუსი და იცით, რომ უმრავლესობის შიგნით იყო ორ სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, გუნდში მიღწეული კონსესუსი ამჟამად არის ამ ცვლილების არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის, ერთჯერადად, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც დემოკრატიული და დაბალანსებული სისტემით ჩატარების დაკანონებას.

ამასთანავე, გარწმუნებთ, აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა წარმატებით დასრულდეს, არჩევნები კი დემოკრატიულ, სამართლიან და თავისუფალ და კონკურენრულ გარემოში ჩატარდეს, რომელზეც ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს და მართვის ძირითად პასუხისმგებლობას. ეს ჩვენ ვუთხარით დღეს ოპოზიციასაც.

დასასრულ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნებით არის ნაკარნახევი, რადგან ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, განვითარებისთვის მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული გარემო ესაჭიროება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციაც გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას, შედგება კონსენსუსი და ყველა ერთად მშვიდად განვაგრძობთ ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. ამის წინა პირობა კი ნამდვილად არსებობს“-აცხადებს თალაკვაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930