23-12-2019
"შმაქსის" მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. აქციას შეუერთდა "გირჩიც". აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ჯარიმების გაუქმებაა. ამის შესახებ ინფორმაციას "გირჩის" საინფორმაციო ვებგვერდი ავრცელებს.
ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ თბილისის საკრებულომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის შესახებ მუხლი ჩუმად დააკორექტირა, რომლის მიხედვითაც, ახლა ტაქსის ნიშანთან მიმსგავსებული ტრაფარეტის გამოყენებაც აიკრძალება. ათეულობით ტაქსისტი სწორედ ამ დადგენილების ჩასწორების საფუძველზე დააჯარიმეს.
"ეს ცვლილება დადგენილებაში შეიტანეს ჩუმად და ნებისმიერი ნიშანი, რომელიც ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ გავს ტაქსის ნიშანს, შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი და ახლა ამ წინასაახალწლოდ დაერივნენ შმაქსისტებს. ვითხოვ, პირველ რიგში, მაგ ჯარიმების გაუქმებას და მეორე, ამ რეგულაციების საერთოდ ჩახსნას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
"გირჩის" ინფორმაციით, "შმაქსისტები"ერთთვიან ვადას ითხოვენ იმისთვის, რომ ახალი ლოგო დაამზადონ განსხვავებული ტრაფარეტისთვის და განაგრძონ საგანმანათლებლო საქმიანობა" .
როგორც შმაქსისტები ამბობენ, ამ ახალი დადგენილების გამო, წინასაახალწლოდ მთავარი შემოსავლის წყარო დაკარგეს. აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად, შსს-ს შენობასთან, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილიც მივიდა.
მისი თქმით, მაშინ, როცა ახალ წელს ჩინოვნიკები მილიონობით ლარს ჩაიდებენ ჯიბეში, ამ გაჭირვებულ ადამიანებს ელემენტარული შემოსავლის მიღების საშუალებას უსპობენ.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრებმა 3 ოქტომბერს კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს და უმუშევრად დარჩენილ მძღოლებს „შმაქსაობა“ შესთავაზეს.
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „შმაქსი“ დაჯარიმებას ექვემდებარება.
პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა.