24-12-2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება. ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის“ ფონდის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა. სიტყვით მიმართვისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროს ახალ ხედვაზე ისაუბრა: „ჩვენ ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200 დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ. ჩემი გადაწყვეტილებით, იანვრიდან დანამატების ბიუჯეტი გაოთხმაგდება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვასა და მათ ფინანსურ მხარდაჭერას“, - აღნიშნა მინისტრმა და ამერიკელ პარტნიორებს, ასევე „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის“ ფონდს“ დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების დღის დაწესების გარდა, მათ პატივსაცემად ცნობიერების ასამაღლებელი კვირეულიც მოეწყობა.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ხელმძღვანელობამ საქართველოს ხელისუფლების, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისა და სხვა მოწვეულ სტუმრებს საქველმოქმედო ვახშამზე უმასპინძლა და მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები და მომავლის გეგმები გააცნო. ფონდის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის განცხადებით, კომპანია „სილქნეთი“ 2020 წლიდან, ნაცვლად 100 000 ლარისა, ყოველწლიურად 300 000 ლარს გაიღებს.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროსთან და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ აქტიურად თანამშრომლობენ და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ. ბიზნესსექტორი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების, მათი ოჯახების, განსაკუთრებით დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გვერდით დგას.
დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი Wounded Warrior Support Foundation 2016 წლის 25 მარტს დაარსდა. მოგვიანებით, ბენეფიციართა კონტინგენტის, ასევე პოტენციური დონორების წრის გაფართოების მიზნით, ფონდის განვითარებაში კერძო სექტორის ჩართვა მიზანშეწონილი გახდა. 2018 წლის ივლისიდან ფონდს კომპანია „სილქნეთი“ ხელმძღვანელობს. ფონდმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ასევე, ვეტერანების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა. 2019 წლის განმავლობაში ფონდმა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მკურნალობის, რეაბილიტაციის, განათლების, საცხოვრებელი სახლის ადაპტირების ფარგლებში სხვადასხვა პროექტი დააფინანსა.