გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოსნია და ჰერცეგოვინა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

5-03-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქვეყნის საპრეზიდენტო საბჭოს წარმომადგენელებთან.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები და აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას. საპრეზიდენტო საბჭოს წევრის ბაქირ იზეტბეგოვიჩის განცხადებით, ბოსნია და ჰერცეგოვინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. შეხვედრაზე საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა, რესპუბლიკა სერბსკაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა სტუმრობაზე საუბრისას, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური მთავრობის სტრუქტურები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იყო ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე და ინციდენტის შემდგომ მათ შესაბამისი ნოტა გაავრცელეს, სადაც ხაზი გაუსვეს საქართველოსთან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.


საპრეზიდენტო საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების განხორციელებაში და ხაზი გაუსვეს, რომ მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი ამ გზაზე. ბოსნია და ჰერცეგოვინის მხარე დაინტერესდა საქართველოს ეკონომიკური განვითარებით, რაც სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ხალხთაშორის ურთიერთობებსა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას. ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობების გათვალისწინებით საპრეზიდენტო საბჭოს წევრებმა გამოხატეს დაინტერესება საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ჩარტერული ავიარეისების დანიშვნის თაობაზე.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ნატოს სამიტთან დაკავშირებულ საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბოსნია და ჰერცეგოვინას 5-6 მარტს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან რა დროსაც ხელი მოეწერა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. დაგეგმილია შეხვედრა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, საპარლამენტო ასამბლეის კოლეგიასთან და სარაევოს მერთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930