26-12-2019
საქართველოს პარლამენტმა მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას -„საშობაო ზღაპარს“ უმასპინძლა. სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა და მოზარდებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს.
ორგანიზაციის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გიორგი ვოლსკიმ, გუგული მაღრაძემ, სიმონ ნოზაძემ. ღონისძიებას მოდერატორობდა მარიამ ჯაშის თანაშემწე და ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ის ხელმძღვანელი ნინო გულუა. მან მადლობა გადაუხადა კომიტეტს განათლების ყველა ეტაპზე ინკლუზიური განათლების ხარისხზე ზრუნვისთვის, საქართველოს პარლამენტს - მასპინძლობისთვის და თბილისის მერიას, რომელმაც თითოეულ ბენეფიციარს გადასაცემად საახალწლო საჩუქრები მოუმზადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და მხარდაჭერისთვის, პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უკვე 3 წელია გვერდით გვიდგას. შეუძლებელია არ აღინიშნოს მარიამ ჯაშის წვლილი იმ საქმეში, რომ ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე იყოს ბევრად უფრო ნათელი, საინტერესო და მათ ჰქონდეთ ღირსეული მომავალი. მნიშვნელოვანია, ასევე ქალაქ თბილისის მერიის წვლილი, რომელიც უკვე 11 წელია გვერდით გვიდგას ამ ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭებაში“, - განაცხადა „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ის ხელმძღვანელმა. მან ინკლუზიური განათლების მიმართულებით კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა მიმოიხილა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დამდეგი ახალი წელი მიულოცა ბავშვებს.
„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს შეზღუდული ადამიანი, რომელიც ვერ დააფასებს იმას, რასაც ეს ბავშვები აკეთებენ. მინდა ქედი მოვიხარო ამ მოზარდების, მშობლების, აღმზრდელების, მასწავლებლების წინაშე. კარგი ტრადიცია დაამკვიდრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა. ქალბატონმა მარიამ ჯაშმა ასეთი ღონისძიება გამართა ერთხელ, მეორედ და ტრადიციად დამკვიდრდა უკვე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მან მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მოსვლისთვის და საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენისთვის.
ბავშვებს ახალი წელი მიულოცა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გუგული მაღრაძემ. „თქვენ ხართ ადამიანები, მშობლები, შვილები, რომლებმაც შეუძლებელი შესაძლებელი გახადეთ. თქვენში არის ძალიან დიდი შემოქმედებითი პოტენციალი და მოტივაცია“, - მიმართა ბავშვებსა და მშობლებს გუგული მაღრაძემ.
შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიესალმა. „როგორც ყოველთვის, დღესაც ჩემთვის არის დიდი პატივი, რომ გმასპინძლობთ პარლამენტში უკვე მესამე წელია. პარლამენტის კარი გაიღო, რაც ჩვენ ერთად შევძელით . დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რა არჩევანს აკეთებს პოლიტიკურ სპექტრში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და სხვა თაობის წარმომადგენლის პრობლემა თითოეული ჩვენგანის პრობლემაა და ჩვენი პირველი რანგის ვალდებულებაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ როგორც ბავშვების, ასევე მათი ბავშვების მხარდასაჭერად. პირიქით, რაც უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური ჩართულობა იქნება ამ საკითხში, საერთო მიზანს უფრო მივაღწევთ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
სტუმრებს კომიტეტის წევრი სიმონ ნოზაძე მიესალმა. „ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობები პირობითი მგონია, რადგან შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მოძრაობები შეზღუდული, მაგრამ მისი გონება იმდენად განვითარებულია, რომ მას შეუძლია დაინახოს ის, რასაც ჩვენ ვერ დავინახავთ. აქ წარმოდგენილი ნამუშევრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, განუსაზღვრელი ყოფილა ამ ბავშვების შესაძლებლობები“, - აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.