28-12-2019
„ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს წიაღის სექტორის რეფორმას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ არამარტო მოვიპოვოთ საქართველოში წიაღი, არამედ გადავამუშავოთ და ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო საწარმოებს“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ სოფელ ქსოვრისში შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფის“ ინერტული მასალების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ასევე ასაქმებს 40 ადგილობრივ ადამიანს, ქმნის დოვლათს საქართველოში და თავისი წვლილი შეაქვს სამშენებლო ინდუსტრიაში.
„საწარმო, რომელიც გავხსენით სოფელ ქსოვრისში, ინერტული მასალების გადასამუშავებლად იყენებს ევროპულ ტექნოლოგიას, რაც არის გარანტია, რომ ეკოლოგიურად ყველაზე მეტად უსაფრთხო წარმოება მოხერხდება. წიაღის რეფორმის ფარგლებში კიდევ ბევრ ასეთ საწარმოს გავხსნით“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
შპს "ჯორჯიან ბილდინგ გროუფზე“ 2018 და 2019 წლებში გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 3 ლიცენზია, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქსოვრისის და სოფ. თეზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ქსნის ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე; სამივე ლიცენზიის საერთო ფართობია - 172 990 კვ.მ; ქვიშა-ხრეშის ჯამური მოცულობა - 518 970 მ3, ლიცენზიების გასაყიდი ფასი ჯამში შეადგენს 582 726,3 ლარს. ლიცენზიები მოქმედია 2023 წლის ბოლომდე.
2019 წელს შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფ“-მა საქართველოში ჩამოიტანა ევროპის სტანდარტის შესაბამისი დანადგარები, რომლის საშუალებითაც კომპანიას სურს, რესურსის გადამუშავება მოხდეს ადგილზე. ამ მიზნით საწარმოში დაასაქმა 30 ადამიანი და მომდევნო წლებში აღნიშნულმა კომპანიამ შესაძლოა გაზარდოს დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. კომპანიამ განახორციელა 4 000 000 ლარის ინვესტიცია. საწარმოს მშენებლობა დასრულდა 2019 წლის სექტემბერ/ოქტომბერში.
დღესვე ნათია თურნავა წიაღის გადამამუშავებელ კიდევ ერთ საწარმოს გახსნის, ხოლო დღის მეორე ნახევარში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წიაღის მომპოვებელ და გადამამუშავებელ 40-მდე მეწარმეს შეხვდება, სადაც წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.