6-01-2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ბრალდებულები - ბ.ტ., გ.მ. და რ.ღ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის შემოდგომაზე, რ.ღ.-ს ბიზნესპარტნიორთან მ.რ.-სთან ბიზნესის წილებთან და შემოსავალებთან დაკავშირებით დავა წარმოეშვა. რ.ღ.-მ არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად, მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, ასევე მ.რ.-ზე და მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებს - ბ.ტ.-ს და გ.მ.-ს მიმართა და სთხოვა მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავა მის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ. თავის მხრივ ბ.ტ-მ და გ.მ-მ დავის გადაწყვეტაში თურქეთში მყოფი „კანონიერ ქურდი“ ზ.მ., ზედმეტსახელად „გლეხოვიჩი“ ჩართეს.
ბ.ტ. და გ.მ. ხვდებოდნენ მ.რ.-ს და „კანონიერ ქურდის“ ზ.მ.-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას სთხოვდნენ, რაც ბიზნესიდან გარკვეული წილის მათთვის გადაცემას უკავშირდებოდა. აღნიშნულმა პირებმა ამ მიზნით მ.რ. ხსენებულ „კანონიერ ქურდთან“ ასაუბრეს, რომელმაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოუცხადა.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ რ.ღ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, მჭიდს და ვაზნებს.
სამართალდამცველებმა ბ.ტ., გ.მ., და რ.ღ. 2019 წლის 23 მარტს, ქ.თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ბ.ტ.-ს და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), ხოლო რ.ღ.-ს 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინათ. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ტ., გ.მ. და რ.ღ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ბ.ტ-ს 8 წლით, გ.მ-ს 7 წლით, ხოლო რ.ღ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.