6-01-2020
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ზურაბიშვილმა სულ 5 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.
პრეზიდენტის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ თავად მიიღო, რადგან ვერ ნახა არგუმენტი იმისათვის, რომ მამალაძე შეეწყალებინა.
მისივე თქმით, სინოდის შუამდგომლობას ვერ ითვალისწინებს, რადგან შეწყალება სინოდის წიაღში და სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება.
„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს სია ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი თვალსაზრისით. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს, ეს არის პოლიტიზირებული საქმე და არ მინდა ამ გადაწყვეტილებით მოხდეს რაიმე დაპირისპირება საზოგადეობში. ამ საქმეზე მოვისმინე ყველას არგუმენტები, მათ შორის ადვოკატებისა და სინოდის შუამდგომლობასაც გავეცანი. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობას ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ასევე საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნებას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს. დღეს ჩვენი დაყოფა საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს მომავალს. წმინდა სინოდის თხოვნა იმიტომ არ გავითვალისწინე, რომ შეწყალება სინოდის წიაღში და სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ განსხვავების დამადასტურებელი მაგალითები მსოფლიოშიც მრავლად არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.