8-01-2020
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება.
პრეზიდენტის Telegram-ის გვერდზე განცხადება გავრცელდა: „საშინელი ამბავი ახლო აღმოსავლეთიდან - დღეს დილით, იმამ ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.
ჩვენი საელჩო აზუსტებს ინფორმაციას ტრაგედიის მიზეზებისა და დაღუპულთა სიების შესახებ“, - წერს სოციალურ ქსელში ზელენსკი.
პრეზიდენტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.
დღეს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი, რომელიც კიევში უნდა გამგზავრებულიყო, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აეროპორტთან ახლოს, სადაც თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია, სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 180-ვე ადამიანი გარდაიცვალა.