8-01-2020
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთბული შტატები ირანულ რეჟიმს დამატებით სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუყოვნებლივ დაუწესებს.
ტრამპმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს რეგიონში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ. ამასთანავე თეთრი სახლის ლიდერმა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძლიერებას გაუსვა ხაზი.
„ირანი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ბირთვული იარაღი საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომა, შეგვეჩერებინა ყველაზე დაუნდობელი ტერორისტი, რომელიც ამერიკელების სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. ჩემი მითითებით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა მოახდინეს ტერორისტ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, რომელიც ბევრ საშინელებაზეა პასუხისმგებელი. ის წვრთნიდა ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის ჰეზბოლას. ბოლო პერიოდში ჩვენზე თავდასხმები სწორედ მისი მითითებით განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ის ხელმძღვანელობდა შტატების საელჩოზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმასაც. ის უახლოეს მომავალში ბაღდადში ამერიკელებზე თავდასხმას გეგმავდა. მას ხელები ჰქონდა გასვრილი როგორც ირანელების, ასევე ამერიკელების სისხლით. ის დიდი ხნის წინ უნდა მოგვეშორებინა. მისი ლიკვიდაციით ჩვენ ძლიერი მესიჯი გავუგზავნეთ ტერორისტებს.
ამერიკა ძლიერია და ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია. ჩვენ მათი გამოყენება არ გვსურს. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც იყო მონსტრი და ხოცავდა ბევრ ადამიანს. ჩვენ ასევე ათობით ათასი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი მოვკალით“, - განაცხადა ტრამპმა.