9-01-2020
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული ორი საკითხი - საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია და საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.
„ინტერნეტიზაციის პროექტით ძალიან დაინტერესებულია მსოფლიო ბანკი, რომლის მხარდაჭერითაც, ქვეყანაში უკვე ხორციელდება 5 წლიანი სტრატეგია. მათი მხრიდან ასევე გამოთქმულია სურვილი, რომ „ოუფენ ნეტის“ პროგრამაც დააფინანსონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია საკუთარი სახსრები, მაგრამ როდესაც დაზუსტდება ბიუჯეტი, შემდეგ განისაზღვრება, გვჭირდება თუ არა დამატებითი წყაროები პროექტის განხორციელებისთვის“ -
ნათია თურნავას თქმით, დაგეგმილია მარეგულირებელ კომისიასთან ერთად პროექტის მთლიანი დიზაინის შესყიდვა, რადგან დიზაინი განსაზღვრავს სწორედ ბიუჯეტს და აქედან გამომდინარე, განისაზღვრება წყაროებიც.
მთავრობის გადაწყვეტილებით, უშუალოდ ქსელის მშენებლობას განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდი. ნათია თურნავას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ყველაზე გამოცდილი სტრუქტურა, რომელიც წლებია, ახორციელებს მსოფლიო ბანკის პროექტებს, არის სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდი.
„აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს. გადავწყვიტეთ, რომ პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად იმისთვის, რომ უკვე მომავალ წელს შევძლოთ ქსელის მშენებლობის დაწყება, ხოლო მისი თანმიმდევრობა, რეგიონები, შემდეგი ვადები განისაზღვრება მთავრობასთან შეთანხმებით. პროექტის კოორდინაციას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.