10-01-2020
ამერიკულ ოფიციალურ წყაროებს მიაჩნიათ, რომ თვითმფრინავი, შესაძლოა, ირანულ შეიარაღებულ ძალებს შემთხვევით ჩამოეგდოთ
არ არის გამორიცხული, რომ უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც 8 იანვარს, ირანში განიცადა კატასტროფა, შესაძლოა, რაკეტით ჩამოეგდოთ ან ტერაქტის მსხვერპლი გამხდარიყო, განაცხადა უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა. ამის შესახებ, უკრაინული ტელეკომპანია „გრომადსკოე“ იუწყება.
ტრაგედიის შესახებ კიდევ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას აქვეყნებს ამერიკული მედია: ირანმა შემთხვევით ჩამოაგდო უკრაინული თვითმფრინავი.
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგ-737“ თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ყველა დაიღუპა.
კატასტროფა რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ერაყში ორ ამერიკულ ავიაბაზაზე.
„თვითმფრინავის მოულოდნელი ჩამოვარდნის ძირითად ვერსიათა შორის განიხილება – საზენიტო რაკეტის, კერძოდ, „ტორის“ მოხვედრა… უპილოტო თვითმფრინავთან ან სხვა მფრინავ ობიექტთან შეჯახება; ტექნიკური მიზეზით ძრავის დაზიანება ან აფეთქება; ტერორისტული აქტის შედეგად, თვითმფრინავის შიგნით მომხდარი აფეთქება“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.
CBS News-ი აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თანამგზავრმა რაკეტის ორი გაშვების ინფრაწითელი გაელვება დააფიქსირა, რასაც კიდევ ერთი აფეთქება მოჰყვა.
Newsweek-მა პენტაგონისა და აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნების, ასევე, ირანული დაზვერვის წარმომადგენლის ციტირება მოახდინა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი აზრით, უკრაინული თვითმფრინავი რუსული წარმოების რაკეტით ჩამოაგდეს.
საკუთარი მოსაზრება დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც: „ვიღაცას შეიძლება შეცდომა დაეშვა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.