10-01-2020
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ სახელმწიფოსა და პრემიერობის დროს პირადად თავის მხარდაჭერაზე საუბრობს.
„მსურს, გამოვეხმაურო მამუკა ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით გაჟღერებულ სიცრუეს.
პირველ რიგში ხაზს გავუსვამ ხელისუფლების დამოკიდებულებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში.
საქართველოში, კერძოდ – ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო და რჩება ხელისუფლება! პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები და იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანაში, ასევე, გარკვეული მიწების გამოსყიდვასა და პორტისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარტნიორო ფონდი კონსორციუმს 100 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხით დახმარებოდა.
გარდა ამისა, ხელისუფლების ინიციატივით, ანაკლიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საკონსტიტუციო ჩანაწერითაა ხაზგასმული, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი, მტკიცე გარანტიაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის და პროექტს კიდევ უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად აქცევს. ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფოს საკუთარი ვალდებულებები პირნათლად და გადაჭარბებით აქვს შესრულებული. ამას ნათლად ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2016 წლიდან – დღემდე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხოვნით, ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა, პროექტის დაწყებიდან კი, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო შვიდჯერ გადაუვადა.
წლების განმავლობაში სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას კონსორციუმის მიმართ, მაშინ, როდესაც კონსორციუმმა ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ვერც ერთი ძირითადი პირობის შესრულება.
ასეთია რეალობა; რეალობა, რომლის დამახინჯებას და მოდელირებასაც უშედეგოდ ცდილობს მამუკა ხაზარაძე.
რაც შეეხება ჩემს მოკრძალებულ როლს ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში; ჯერ კიდევ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორობისას, აქტიურად ვუჭერდი მხარს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის რეალიზაციის პროექტს; ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჯერ ფინანსთა, შემდეგ კი – პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი ყოფნის დროს.
უფრო მეტიც, მე ვიყავი მთავარი ლობისტი, რომ კონსორციუმს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის შესაძლებლობა ჰქონოდა; ამასთანავე კი ყველა საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა.
ვფიქრობ, ეს საკმაოდ მკაფიო და გასაგები პასუხია იმ სიცრუეზე, რითაც მამუკა ხაზარაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
ზოგადად, როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეს ახასიათებს ასეთი იაფფასიანი ტყუილები.
ამ უსაფუძვლო ბრალდებამ კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი გამახსენა, როდესაც დამაბრალა, რომ მას შემდეგ, რაც მასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თითქოს ბიზნესასოციაციამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა და მე მათ არ შევხვდი. ესეც მორიგი ტყუილი იყო, რადგან შეხვედრა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობასთან იმ საღამოსვე გაიმართა, რაც ასოციაციის წარმომადგენლებმა თავად დაადასტურეს. გუშინდელი ბრალდებაც ასეთივე იაფფასიანი ტყუილია.
ასევე, შეგახსენებთ იმასაც, რომ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჩემი ყოფნის პერიოდში, ქართულ საბანკო სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები დადგენა დავიწყეთ, რითაც მოსახლეობის ძარცვას და 500-600-პროცენტიანი ჯარიმა/საურავების უსამართლო დარიცხვას ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო. ამ ცვლილებებმა საქართველოში საკრედიტო ურთიერთობების გაჯანსაღება, მომხმარებლების უფლებების დაცვის სტანდარტის ევროპულ პრაქტიკასთან მიახლოება გამოიწვია და ხელი შეუწყო საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას. გუშინ, ხაზარაძის მხრიდან, ამ ინიციატივის უსაფუძვლო კრიტიკაც მოვისმინეთ. როგორც ჩანს, მას არ ეთმობოდა დრო, როდესაც ჩვენი მოსახლეობისათვის 500-600-პროცენტიანი ჯარიმა/საურავების უსამართლო დარიცხვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ასეთი ბრალდებების შემდეგ არც იმას გამოვრიცხავ, ბატონმა ხაზარაძემ თქვას, რომ ვაიძულე, დაეთმო ის საკრედიტო პორტფელი, რომელიც საქართველოში ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოსაგვარებლად „ქართუ ფონდმა“ საქართველოს მთავრობის თხოვნით გამოისყიდა, რამაც საშუალება მისცა ასი ათასობით მოქალაქეს, აქტიურ ეკონომიკაში დაბრუნებულიყო და ახალ წელს ვალების გარეშე შეხვედროდა. როგორც არაერთხელ განვაცხადე, ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება თავიდან რომ მიწევდეს, ანალოგიურად მოვიქცეოდი.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტის ირგვლივ ქართული საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგებს ხედავს და ისმენს, საქმე კი წინ ვერ წავიდა და დაიკარგა ძვირფასი დრო. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციისათვის, ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ანაკლია აუცილებლად აშენდება. პროექტი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოცდილებისა და რესურსების მქონე კომპანიამ ან კომპანიათა ერთობლიობამ“, – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.