11-01-2020
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც, როგორც წესი, პრესას არ ეურთიერთებოდა, რამდენიმე სამთავრობო მედიის წარმომადგენელს ინტერვიუ მისცა. მოკლედ ჩამოვთვლით მისი ინტერვიუს მთავარ თეზისებს, რომლებიც 2019 წლის შედეგებს ეძღვნებოდა.
აზერბაიჯანს ევროკავშირში არ მიიღებენ, რადგან ის მუსლიმური ქვეყანაა
„ნახეთ, რა დროიდან დადო თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება? შესაძლოა, ათწლეულების წინათ. თუმცა, გამოიღო კი შედეგი მომდევნო ნაბიჯებმა? რასაკვირველია – არა, და ეს დიდი უსამართლობაა. თურქეთს ევროკავშირში იმიტომ არ იღებენ, რომ ის მუსლიმური ქვეყანაა. ასეთ შემთხვევაში, მიიღებენ კი აზერბაიჯანს? რა თქმა უნდა – არა“.
აზერბაიჯანს ევროკავშირში შესვლა არ უღირს
„თითოეული მოქალაქე, რომელიც ევროპაში მიმდინარე პროცესებს აკვირდება, ხედავს, თუ რა მოვლენები ხდება, მათ შორის – რელიგიურ, ეროვნულ-სულიერი ფასეულობების ნიადაგზე. შეგვეფერება თუ არა ჩვენ ეს პროცესები? რასაკვირველია – არა, და ეს ღიად უნდა ვთქვათ“.
„აზერბაიჯანი ვერ ინტეგრირდება ევროპაში, რომელიც კრიზისს განიცდის, ისლამს ავიწროებს და ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებას ვერ ხედავს“, – ამგვარი, ბევრისთვის შოკის მომგვრელი განცხადება ილჰამ ალიევმა ჯერ კიდევ ნოემბერში გააკეთა.
აზერბაიჯანი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა იქედან არ გამოვა
„ჩვენ პროგრამაში ვართ, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამას არცთუ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. რადგან ამ პროგრამის ძალიან მკაფიო მიზნები ჩვენთვის ნათელი არ არის. თუკი ეს – ევროპული ინტეგრაციაა, უკვე ყველასთვის აშკარაა, რომ ეს მიზანი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის მიუღწეველია“.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ – ევროკავშირის პროექტია, რომელიც ევროკავშირსა და ყოფილი სსრკ-ს ექვს ქვეყანას – აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ინტეგრაციული კავშირებისკენ არის მიმართული.
ჩინოვნიკები პრეზიდენტს ქვეყნის პრობლემების შესახებ არ მოახსენებენ
„მათ რო ჰკითხოთ, იტყვიან, რომ ყველაფერი მშვენივრადაა, დიდებულად, არავითარი პრობლემა არ არის. როდესაც რაიონებში მოგზაურობისას აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს ვესაუბრები, და ვეკითხები, თუ რა პრობლემები აქვთ, მპასუხობენ, რომ ყველაფერი მშვენივრადაა. ასე ხომ ვერ იქნება. ან თავად არ იცის, ან დაფარვა სურს, ანდა, არ ვიცი, კიდევ რა მიზანს ისახავს“.
ჩინოვნიკების გადაყენებები – ფართომასშტაბიანი რეფორმების ნაწილი
„რეფორმების მთავარი ამოცანა ისაა, რომ ქვეყანაში არსებული ატმოსფერო ჯანსაღი იყოს, ნეგატიური მოვლენები არ დავუშვათ. ახალ კადრებს ახალი მიდგომები მოაქვთ, ახლებური აზროვნება, და მე მათ საქმიანობას მაღალ შეფასებას ვაძლევ“.