11-01-2020
ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოში დღესდღეობით 65 ათასი ადამიანია ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძემ კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.
„ცე ჰეპატიტის ელიმინაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მიმდინარე პროგრამა. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა და საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რამეთუ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობენ ამ პროგრამაში. მათ აქვთ საშუალება, მიიღონ შესაბამისი პრეპარატები. დღესდღეობით, 65 ათასი ადამიანია პროგრამაში ჩართული და აქედან 55 ათასმა დაასრულა მკურნალობა, განკურნების ეფექტი პრეპარატის მაღალი ეფექტურობიდან გამომდინარე არის 90 პროცენტზე მეტი. საბოლოოდ 128 000-130 000-მა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობა“, – განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატის შეფასებით, ც ე ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა.
„რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ისინი აპელირებენ 2018 წლის მონაცემზე, როდესაც 2000-ზე ნაკლებმა პაციენტმა მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, ვიდრე ამის საშუალებას იძლეოდა პრეპარატების რაოდებობა. ამიტომ შესაბამის პრეპარატების რაოდენობა დარჩა მოხმარების გარეშე და ამის მიზეზი იყო პაციენტების დაბალი მომართვიანობა. ასევე, მინდა, შევახსენო ოპოზიციასაც, ეს პროგრამა არ არის პრეპარატების გასაღების პროგრამა, ეს არის ცე ჰეპატიტის განკურნების პროგრამა“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს დაავადების გამოვლენა.
„პირველ რიგში, უნდა მოხდეს გამოვლენა და ვფიქრობ, აქ უნდა იყოს არამხოლოდ უწყების, არამხოლოდ დარგის სპეციალისტების, პაციენტების აქტიურობაც. ამ შემთხვევაში იქნება პრეპარატის მაღალი მოხმარება და რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ელიმინაცია. კრიტიკა თითქოს, ეს პროგრამა ჩავარდა, არის უსაფუძვლო. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა, ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას აძლევს ასეთი ძვირფასიანი მომსახურების საშუალებას. მთავარი არ არის, რა ოდენობა დარჩება მოხმარების გარეშე. აქ მთავარია, გამოვლენა და ელიმინაცია იქნას მიღწეული და ეს აუცილებლად მიიღწევა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.