გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის მშვიდობასა და შერიგებას არანაირი ალტერნატივა არ აქვს

12-01-2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.


ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოფიციალური თბილისისათვის მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია და მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის არ შეიქმნას რისკები.


სახელმწიფო მინისტრმა დასძინა, რომ საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მიმართულია მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ნდობის მშენებლობისაკენ.


„როგორც ჩანს, მიმდინარე მოვლენები ცოტა უფრო გრძელვადიან პროცესად იქცა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს და რაიმე რისკები არ იყოს მოსახლეობისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამ პოლიტიკური პროცესების რაიმე ტიპის ლეგიტიმაციაზე, მაგრამ თავის თავად განვითარებები საყურადღებოა სამშვიდობო პროცესისათვის და, განსაკუთრებულად, ორი მიმართულებით.


პირველი სწორედ მოსახლეობის მდგომარეობას და უფლებრივ მდგომარეობას ეხება. განსაკუთრებით გამოვყოფდი გალის მოსახლეობას, რომელიც ყველაზე უფრო მოწყვლადია და არაერთხელ გამხდარა - განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში - სწორედ ამ ე.წ. შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი და მათი უფლებრივი მდგომარეობა გაუარესებულა. ამიტომ, ჩვენი ინტერესი არის, რომ ადამიანის უფლებები - ზოგადად რეგიონში და, განსაკუთრებით, გალის რაიონში - იყოს დაცული და მათი მდგომარეობა გაუმჯობესებული.


მეორე გახლავთ ასევე სამშვიდო პროცესებისათვის, ნდობის მშენებლობისათვის და ჩართულობის მიმართულობისათვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია განვითარებული მოვლენები. თუმცა, ჩვენი კურსი არ იცვლება. მშვიდობას და შერიგებას ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის არ აქვს არანაირი ალტერნატივა.

ალბათ თუ რაღაც ძალიან ცხადად აჩვენა ამ პროცესებმა, გახლავთ ის, რომ დღეს არსებული ვითარება და წლების განმავლობაში მოუგვარებელი კონფლიქტის და მიმდინარე ოკუპაციის პირობებში შექმნილი ვითარება არანაირად არ ეპასუხება აფხაზური საზოგადოების საჭიროებებს, ინტერესებს. დაწყებული მათი იდენტობიდან და დასრულებული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობით.


რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობის პოლიტიკა გაგრძელდება. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ბევრი ახალი სამშვიდობო ინიციატივა. მიუხედავად მავთულხლართებისა და რთული ვითარებისა, მაინც ვახორციელებთ ამ ჩართულობის პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით - ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, გარემოს და ახლა უკვე ვაჭრობის. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება და, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პროაქტიული პოლიტიკის ფონზე ჩვენ შევძლებთ გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ კონფლიქტის მოგვარებამდეც.


ჩვენ გვაქვს მზაობაც და, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებსაც ვდგამთ, კიდევ ერთხელ, შერიგების და დიალოგის მიმართულებით, საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან. ამოცანაა მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ნდობის მშენებლობა, მშვიდობა და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი გადაჭრა, რაც აუცილებელია მდგრადი სტაბილურობისათვის, მშვიდობისათვის და საერთოდ განვითარებისათვის დღეს ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებებისათვის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930