16-01-2020
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის მხარს დაუჭერს შოთაძის კანდიდატურას, როგორც ღირსეულსა და თავისი საქმის პროფესიონალს.
„გუნდის სახელით ჯერ ვერ ვილაპარაკებ, ჩემს პირად პოზიციას გეტყვით, თუმცა არ მგონია, რომ გუნდს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. თუ საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარმოადგენს, მე მას მხარს დავუჭერ. ჩემი აზრით, გუნდიც ამ აზრზე იქნება იმიტომ, რომ ეს არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი. თავის დროზე, ასევე, ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვიღაცას მაინც უჩნდებოდა მის მიმართ კითხვა, რომ ის ხელს შეუშლიდა ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. თავისი გზავნილით თქვა, რომ ყველა სკამი არის დროებითი და თანამდებობის დატოვება პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, როდესაც გამოძიება მიდის და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი. როგორც ღირსეულსა და თავისი საქმის პროფესიონალს, მე მას მხარს დავუჭერ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.