გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

7-03-2018

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან შეხვედრა გაიმართა.
ტრადიციულად, თანათავმჯდომარეები საქართველოს  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მომზადების მიზნით სტუმრობენ.

შექმნილ ვითარებაში, როცა რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალში ხელოვნურად აფერხებს უკანონო ტყვეობაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისა და მასთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოცემას, შეხვედრა მთლიანად ამ თემას დაეთმო და მორიგი რაუნდის სამუშაო ჯგუფების დღის წესრიგის საკითხები აღარ განხილულა.

აღინიშნა, რომ ეს ტრაგიკული განვითარება არ არის ერთეული შემთხვევა: კვლავ გამოუძიებელი რჩება 2014 წელს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავების შემდეგ გაუჩინარებული და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 18 წლის დავით ბაშარულის საქმე; მართლმსაჯულების მიღმა რჩება ასევე 2016 წელს აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ტენდენციას. ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოებისა და განსაკუთრებით თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი ფაქტების დროული და სათანადო გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ასეთი შემთხვევების მომავალში პრევენციის მიზნით.

თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოხატეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო და აღნიშნეს, რომ არ იშურებენ ძალისხმევას, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების განთავისუფლება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით დონდუამ ხაზი გაუსვა, რომ არსებული ვითარება, კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, როგორც ეს გათვალისწინებულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031