19-01-2020
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, მარკუეინ მალინის წერილზე ჰკითხეს.
როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, დამოუკიდებელი საქართველოს დაარსების დღიდან, ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.
„კონკრეტულად კონგრესმენის განცხადება ახალი არ არის. 2017 წელსაც იყო ეს განცხადება, რეზოლუციაც მოამზადა, თუმცა არ განხილულა იმდენად, რამდენადაც უსაფუძვლოა და ერთ კონკრეტულ კომპანიას „ფრონტერას“ უკავშირდება. კომპანია 1994 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ლაპარაკობს, რომ გაზის დიდი მარაგი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ჯერ ამის თაობაზე არავის არაფერი სმენია. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, აქ ნამდვილად გადაჭარბებული კი არა, რაღაც არაზუსტ ინფორმაციასთან, რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, რადგან დღიდან დამოუკიდებელი საქართველოს დაარსებისა, აი ამ დონეზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, ფინანსური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული, სამხედრო, რა ვიცი, ყველანაირად, ასეთ მაღალ დონეზე არასდროს არ ყოფილა.
რაც შეეხება „ფრონტერას“ თემას, ნავთობისა და გაზის კორპორაცია ალბათ უფრო ზუსტად იტყვის, რადგან მთავარი რაც არის, სტოქჰოლმის არბიტრაჟში მიმდინარეობს მათ შორის დავა. ეს არის კომერციული დავა და რითიც დამთავრდება, ის იქნება გასათვალისწინებელი როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მიმართ. ასე რომ, მე ვფიქრობ, განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება“,- განაცხადა ვოლსკიმ.