21-01-2020
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი დავოსში. შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი. დაგეგმილია 30-მდე შეხვედრა, რომელიც გულისხმობს როგორც პოლიტიკური ხასიათის, ისე ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებს და აგრეთვე, რა თქმა უნდა, იმ ღონისძიებებს, რომელიც გათვალისწინებულია დავოსის პროგრამით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მთავრობის მეთაურის ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
პრემიერის მრჩევლის თქმით, გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, უმაღლეს დონეზე.
„ამასთან, იქნება დისკუსიები რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და ეს დისკუსიები დაეთმობა ევროპის მომავალს, ევროპის სამომავლო ეკონომიკურ გაძლიერებასა და უსაფრთხოებას,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.