27-01-2020
საპროკურორო საბჭოს სხდომას საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით წარდგენილი ოთარ კახიძე არ დაესწრება.
მან გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პროკურორობის 16 კანდიდატის მოსმენა ფორმალური იქნება, რეალურად კი, წინასწარაა შეთანხმებული კანდიდატ ირაკლი შოთაძის არჩევა.
სწორედ ირაკლი შოთაძეა ის გამონაკლისი კანდიდატი, რომელთან გასაუბრებაზე დასწრებასაც პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი აპირებს.
„ივანიშვილის პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, თითქოს დამოუკიდებელი საპროკურორო საბჭო ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს. სინამდვილეში კანდიდატს ირჩევს ბიძინა ივანიშვილი და ეს ყველაფერი, მთელი ეს პროცედურა, ვითომ კანდიდატების დასახელების და შემდგომ შერჩევის, არის სრული ფარსი, არავითარი კავშირი აქვს კანონთან, გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევასთან. შესაბამისად, მე ამ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, რომელსაც მოუწევს პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომლებიც აქვს საზოგადოებას, აუცილებლად დავესწრები ამ სხდომას და ამ კითხვებსაც მასთან დავსვამ. ივანიშვილმა მორიგ ჯერზე გადაწყვიტა, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას და იმ გენერალურ პროკურორს, რომლის პროკურორობის დროსაც საზოგადოებისთვის სააშკარაოდ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება, დამნაშავეთათვის ხელის დაფარება, მხედველობაში მაქვს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე, რასაც მოჰყვა მისი გადადგომა, ამ პროკურორს აბრუნებს კვლავ თანამდებობაზე”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.