27-01-2020
გენერალურ პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, საპროკურორო საბჭოს მიმართავენ, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და ასევე უზრუნველყონ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა.
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებებს დღეიდან იწყებს. საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების შედეგად, აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს, რომელთა შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც.