29-01-2020
„ჩვენ ვხედავდით სხდომებზე, შეხვედრებზე, აქციებზე, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს ძალიან ეჩქარებოდა ცვლილებები ნებისმიერ ფასად და იმაშიც დავრწმუნდით, რომ სინამდვილეში, არა პროპორციული ან მაჟორიტარული, არამედ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდოდათ ამის მიღწევა. ამას აკეთებდნენ ის ძალები, ვინც კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით დაბრუნება მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ყველაფერს, ჩვენს გუნდში პროპორციულის გარშემო განსხვავებული პოზიცია მოჰყვა და დეპუტატებმა ხმა არ მისცეს თარიღის შეცვლას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების მიღებისა და შემდგომ, კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებამდე, 1 წლით ადრე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მმართველ გუნდს უკვე მიღებული ჰქონდა და ამის შესახებ, შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციაშიც, თუმცა, ამას ოპოზიციამ მხარდაჭერის ნაცვლად, ბოიკოტით უპასუხა.
„ამაზე პირველი სიგნალი სწორედ მაშინ მივიღეთ, როდესაც ამ ადამიანებმა, მხარდაჭერის ნაცვლად, ბოიკოტი გამოუცხადეს ცვლილებებს და პრაქტიკულად, ამ რეფორმის ჩაგდება პირველებმა მათ ცადეს. ამას შემდეგ მოყვა დესტრუქცია პარლამენტშიც და ქუჩაშიც. ეს ოპოზიცია ყოველდღე ამტკიცებდა თავის ქმედებებით, რომ ეძებდნენ რეალურ შესაძლებლობას დესტაბილიზაციისთვის, ვინაიდან მათ უფრო მეტად სურდათ ცვლილებები დესტაბილიზაციის გზით, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, ვიდრე კონკურენცია არჩევნებში. ზოგიერთ პარტიას ლიდერები არც კი ყავდათ და ყავთ, ვისაც შეიძლება ადამიანმა პირდაპირ ხმა მისცეს. მაგიდის გარშემო არიან პარტიები, რომელთაც ერთი ლიდერიც ძლივს მოეპოვებათ, ვინც შეიძლება მოქალაქეებმა პირდაპირ აირჩიონ, როგორც პიროვნება ვისაც ენდობიან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც სიტუაციის განმუხტვა და კომპრომისის მოძებნა იყო, თუმცა ოპოზიციამ მაინც არ შეწყვიტა პროტესტი.
„ჩვენ ბოლომდე, მაინც გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ეს გამხდარიყო სტაბილურობის, ნორმალური თანამშრომლობის გარანტორი. მაგრამ მიუხედავად ამ ინიციატივისა, გაგრძელდა დესტრუქციული პროცესები ქუჩაში, აქციები, მძიმე შეურაცხყოფები ჩვენი კოლეგების მიმართ, დეზინფორმაციის მთელი კამპანია, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის წერილების გაგზავნა ამერიკასა და ევროპაში“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, ამ ყველაფერს, მმართველი გუნდის ერთ ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქციები მოყვა.
„დეპუტატებმა პირდაპირ დაიწყეს საუბარი, რომ ჯერ მხოლოდ გადაწყვეტილება მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის და ოპოზიცია უკვე უკიდურეს დესტრუქციას აჩვენებს, მაშინ ვინ იძლევა გარანტიას, რომ როცა გადავალთ ახალ სისტემაზე, ეს იქნება ის ოპოზიცია, ვინც საჭიროების შემთხვევაში შეძლებს კოალიციურ მართვას და თანამშრომლობას, მთავრობის ფორმირებას და თანხმობით გადაწყვეტილებების მიღებას. ეს იყო ძირითადი მიზეზები, რაც ბოლოს მივიდა იქამდე, რომ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაჩქარებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.