გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა მთავრობის ოთხი პიორიტეტი დაასახელა

29-01-2020

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული და ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება დაგვჭირდეს ბევრი წლები რეფორმებისთვის, რათა ჩვენ დავუახლოვდეთ და შევესაბამებოდეთ იმ ევროპულ სტანდარტებს, როგორი ამბიციებიც ჩვენ გაგვაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფორუმის გახსნით სიტყვაში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაა უსაფრთხოება; ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა; ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა.

„ჩვენთვის უდიდესი პატივია, დღეს ჩავატაროთ ეს კონფერენცია და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა სამუშაო რეჟიმში პარტნიორებთან. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარებულა დაახლოებით ორ წელიწადზე მეტია, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ტრადიციული ღონისძიება ჩვენს და ჩვენს დონორ პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. დღეს გვაქვს საშუალება, მჭიდროდ, სამუშაო რეჟიმში გავიაროთ თითოეული ის საკითხი, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის შემდგომი რეფორმირების, ასევე რაც მთავარია თქვენი მხრიდან ამ რეფორმების მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ფორმატის ფარგლებში სხვადასხვა სახის საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს რეფორმირების ფარგლებში 2018 წლის ჩათვლით 7 მილიარდ დოლარზე მეტი იყო დახარჯული.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დონორთა კონფერენციაზე, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანხვედრა იყოს იმ სფეროებს და სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომელიც არის გაფორმებული და დაფიქსირებული მთავრობის სამოქმედო გეგმაში და ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, რადგან ჩვენი თანხვედრა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ზუსტი. ამ მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა მის ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას. ეს გახლავთ, პირველი - უსაფრთხოება, მეორე - ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები. მესამე - განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და მეოთხე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მთავრობისთვის - ღია მმართველობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტრატეგიული დიალოგი დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მათი ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფო პრიორიტეტების, მიმდინარე რეფორმებისა და ახალი ინიციატივების შესახებ იყო დონორთა ყოველწლიური ფორუმის მიზანი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფორუმის მეორე ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა. დისკუსიისას, რომელშიც მინისტრების მოადგილეები, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საგარეო დახმარების საკოორდინაციო მექანიზმების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, დაიგეგმა თემატური საკოორდინაციო შეხვედრების ციკლი და განისაზღვრა კონკრეტული ვადები. ღონისძიებას თანათავმჯდომარეობდა გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031