30-01-2020
კომპანია „ფრონტერამ“ ბოლო პერიოდში საკუთარი პერსონალის და იქ დასაქმებულთა მიმართ ძალიან უპასუხისმგებლო მიდგომა გამოავლინა. ჩვენი ინფორმაციით, კომპანიას საკუთარი პერსონალის მიმართ 11 თვის და მეტის დავალიანება დაუგროვდა გაუცემელი ხელფასების სახით, რითაც რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ძალიან ბევრი ოჯახი,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრი მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ საერთაშორისო არბიტრაჟს და საბოლოოო გადაწყვეტილებამდე მკვეთრ და ხშირად მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებულ განცხადებებს ნუ გააკეთებენ, ვინაიდან ეს სამართლიანად და ლოგიკურად შეიძლება აღქმული იყოს როგორც საერთაშორისო არბიტრაჟზე ზეწოლის ფაქტი.
,,რაც შეეხება კომპანია „ფრონტერა ჯორჯიას“, საერთაშორისო არბიტრრაჟში, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანოში მიმდინარეობს დავა, რომელშიც საქართველოს მხრიდან ჩართულები არიან ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ასევე ნავთობისა და გაზის სააგენტო. მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის დეკემბერში ლონდონში უკვე დასრულდა არსებითი მოსმენები ამ დავასთან და ამ საარბიტრაჟო შემთხვევასთან დაკავშირებით და ჩვენ, ჩვენი მხარე ძალიან დიდი მოთმინებით, ძალიან დიდი პატივისცემით საერთაშორისო არბიტრაჟის ინსტიტუტის მიმართ ველოდებით უახლოეს პერიოდში, იმედია, საბოლოო გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარე - ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ნავთობისა და გაზის სააგენტო საკმაოდ მყარად არის დარწმუნებული საკუთარ არგუმენტებში და ამ დავის მოგების საკუთარ შანსებში. ჩვენ პატივს ვცემთ საარბიტრაჟო პროცესს, საერთაშორისო არბიტრაჟის ინსტიტუციას და ამიტომ თავს ვიკავებთ ხოლმე სხვადასხვა მკვეთრი გამონათქვამებისგან, რასაც სხვებსაც მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს ეს, პატივი ვცეთ საერთაშორისო არბიტრაჟს, ნუ გავაკეთებთ საბოლოოო გადაწყვეტილებამდე სხვადასხვა მკვეთრ და ხშირად, არასწორ და მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებულ განცხადებებს, რამეთუ ეს სამართლიანად და ლოგიკურად შეიძლება იყოს აღქმული როგორც საერთაშორისო არბიტრაჟზე ზეწოლის ფაქტი. ასევე მინდა დავამატო ფრონტერასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვართ ეკონომიკის სამინისტრო და მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებასა და დასაქმებულების ინტერესებზე ვზრუნავთ, კომპანია „ფრონტერამ“ ბოლო პერიოდში მე ვიტყოდი, ძალიან უპასუხისმგებლო მიდგომა გამოავლინა საკუთრარი პერსონალის და იქ დასაქმებულთა მიმართ. ჩვენი ინფორმაციით, 11 თვის და მეტის დავალიანება დაუგროვდა კომპანიას საკუთარი პერსონალის მიმართ გაუცემელი ხელფასების სახით, რითიც რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქის ოჯახი”,- განაცხადა ნათია თურნავამ.