31-01-2020
„2019 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის და ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.2 პროცენტი შეადგინა. მოგეხსენებათ წლის დასაწყისში პროგნოზი 4.5 პროცენტს, ხოლო შემდეგ 4.8 პროცენტს შეადგენდა“-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2019 წლის ზრდის მაჩვენებელი იმ თვალსაზრისითაც არის აღსანიშნავი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს უახლოესი 2020-2024 წლების განმავლობაში ექნება ყველაზე მაღალი, დაახლოებით 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ევროპისა და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.
„მიმაჩნია, რომ 2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული როგორც მრეწველობის, ისე სერვისების მიმართულებით. ეკონომიკის დარგობრივ ჭრილში რეალური ზრდის მნიშვნელოვანი ტემპები დაფიქსირდა როგორც გადამამუშავებელი მრეწველობის და ტრანსპორტის, ასევე ვაჭრობის, სასტუმროების და რესტორნების, კავშირგაბმულობის სფეროებში. ამასთან, წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორში კლების შემდეგ, მნიშვნელოვნად მაღალი ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ.
მაკროეკონომიკურ ჭრილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ, რაც საქონლის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლით, 3,771.5 მლნ აშშ დოლარით აღინიშნა და შესაბამისად თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით(489 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა სავაჭრო დეფიციტიც.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში და 825.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს მთელი 13.0%-ით აღემატება და რაც მთავარია, ძირითადად, საქონლის ექსპორტის ზრდით არის მიღებული(მთლიანი ექსპორტის 89%).
2019 წელს დაფიქსირდა ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) რეკორდული მოცულობაც, რაც წინა წელთან შედარებით 5.7 % გაიზარდა და 2 352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2019 წელს ცალკეა გამოსაყოფი ტურიზმი. ქვეყანაში განხორციელდა რა 9.3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი, შესაბამისად, რეკორდულია მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 3,268.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მოუხედავად ივლის- სექტემბერში კლებისა, რაც ივნისის ცნობილი მოვლენების გამოძახილი იყო.
2019 წელს წლიური 5.2 % იანი ზრდა, ბოლო წლებში ყველაზე მაღალია და აჩვენებს, რომ მიუხედავად ეკონომიკის ზრდაზე, არასახარბიელო საგარეო და შიდა ფაქტორების ნეგატიური ზეგავლენისა, ეკონომიკა საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა ამ გამოწვევების წინაშე. ეს კი პირველ რიგში არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შედეგი, რაც ეხმიანება სსფ ის მოხსენებებს, მათ შორის დეკემბერში გაკეთებულ ბოლო ანგარიშს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობაზე და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაზე, რაც ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში.
2019 წლის მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ქვეყანას აქვს რესურსები კიდევ უფრო სწრაფი გახადოს ეკონომიკური ზრდა უახლოეს წლებში, და მშპ ის კონტრიბუციაში მოხმარებასთან ერთად, გაზარდოს როგორც ინვესტიციების, ასევე წმინდა ექსპორტის ხვედრითი წილიც, რაც არის დასაქმების და შემოსავლების ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაც და მთავრობის ახალი პრიორიტეტებიც ქართული ბიზნესის და წარმოების მხარდაჭერაზე სწორედ ამ ამოცანის რეალიზაციას ემსახურება!“-აცხადებს ექსპერტი.