7-03-2018
საქართველოს ციხეში თუ ჩამსვამდნენ, რევოლუცია მოხდებოდა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
სააკაშვილის თქმით, ის ერთადერთი გუბერნატორი იყო უკრაინაში, რომელიც კარდინალური რეფორმების გატარების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, ვინაიდან უკრაინაში გუბერნატორებს არც ავტორიტეტი და არც ბიუჯეტი არ აქვთ.
„ეს ფაქტობრივად ფორმალური თანამდებობაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით მოქალაქეთა მომსახურების პირველი ცენტრი, რომელიც ბევრად ჩამორჩება ანალოგებს საქართველოში, მაგრამ აღემატება უკრაინულ ანალოგებს. ამ ცენტრმა რამდენიმე თვის განმავლობაში კარგად იმუშავა, ახლაც სხვებზე უკეთესად მუშაობს, მაგრამ მაინც დაკარგა პოზიციები. ოდესაში საბაჟოზე სამუშაოდ სრულიად ახალი ადამიანები მოვიყვანეთ, გავაკეთეთ ტერმინალი, სადაც ტვირთი რამდენიმე წუთის განმავლობაში ავტომატურად შედიოდა და სადაც ყველას ღიმილით ემსახურებოდნენ, სადაც ვერ იქნებოდა კორუფცია. თითქმის დავასრულეთ მისი მშენებლობა, მთლიანად აღვჭურვეთ, რაც მთავარია, ვიპოვეთ სრულიად ახალგაზრდა ადამიანები, მაგრამ ბოლოს პოროშენკომ პირადად დაბლოკა ეს ინიციატივა“, - განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ საოლქო ადმინისტრაციის თანამშრომელთა რიცხვი 40%-ით შეამცირა, ოდესა-რენის გზა ააშენა.
„მე გზაზე კარავში ვიმყოფებოდი. კარავში მჯდომი გუბერნატორის დანახვა პოროშენკოსთვის უსიამოვნო იყო და რამდენჯერმე მთხოვა, რომ იქიდან გამოვსულიყავი. მე ვთქვი, რომ არ გამოვიდოდი, ვიდრე ფულს არ მომცემდნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ ფული მოეცათ. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზაა, რომლისთვისაც 40 წლის განმავლობაში არავის უხლია ხელი“, - აღნიშნა სააკაშვილმა და დაამატა, რომ იქ ისეთი ორმოები იყო, BBC და სხვა კომპანიები თითქმის კომედიურ ფილმებს იღებდნენ.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მას არ ჰქონია შეხება ოდესის მერიასთან. მისი განცხადებით, ის სრულად ბანდიტების ხელშია, რომლებსაც ფული ყოველთვიურად პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაქვთ.
„მე ვთქვი, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება ჩემს ექსტრადირებას მოახდენდა და იქ ციხეში ჩამსვამდნენ, საქართველოში რევოლუცია მოხდებოდა, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოს უფლება არ მისცა ჩემი საქართველოში გაგზავნის“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინაში მარშის მოწყობას გეგმავენ, სადაც 100 000 ადამიანი გამოვა ქუჩაში, რამდენიმე ასეთი მარშის შემდეგ, კი ეს რიცხვი მილიონს მიაღწევს.
„ეს იქნება კრიტიკული რიცხვი, როცა ყველა გაიგებს, რომ ხალხის მოტყუება აღარავის გამოუვა“, - აცხადებს სააკაშვილი.