1-02-2020
სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საცხობებზე (სახაჭაპურეებზე). შემოწმების ძირითადი მიზანია, წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენა.
თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შემოწმდა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი. სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აიღეს.
„მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებლად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასადა რეალიზაციას.
ვინაიდან, ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ, გახშირდა გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები, სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს შემოწმებას, რათა ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ორგანიზებული მწარმოებლები და საოჯახო წარმოების სუბიექტები. ყოველივე ეს, ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.