3-02-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ გაწვრთნილი და შეირაღებული დაჯგუფება პანკისის ხეობაში სწორედ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ორგანიზებით შეიქმნა, რომელსაც აჰმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა.
„იმედის კვირასთან“ ინტერვიუში გოგაშვილი ამბობს, რომ მაშინდელი ხელისუფლების ნაწილმა, მათ შორის ბაჩო ახალაიამ არ იცოდა აჰმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების შესახებ.
ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, დაჯგუფების წევრები სპეციალურ მომზადებას მოდულის შენობაშიც კი გადიოდნენ და ყოფილი ხელისუფლება მის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის აპირებდა. გოგაშვილი მზად არის მტკიცებულებები საგამოძებო უწყებას გადასცეს და ერთერთ ვერსიაზეც მიაწოდოს ინფორმაცია.
„აჰმედ ჩატაევი პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ფინანსდებოდა ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მიერ. ეს დაჯგუფება შექმნეს იმისთვის, რომ პრობლემები გადაეჭრათ, თუნდაც პოლიტიკური ოპონენეტების წინააღმდეგ. ამათ ესენი სჭირდებოდათ საკუთარი მიზნებისთვის. ეს დაჯგუფება ლაფანყურში ჰყავდათ დისლოცირებული. იმ პერიოდში მოხდა შსს-ში ხელმძღვანელობის ცვლილება - ვანო მერაბიშვილი პრემიერად გადავიდა და შს მინისტრად დაინიშნა ბაჩო ახალაია. მე ვერ გამოვდგები ბაჩო ახალაიას ადვოკატად, მაგრამ მან არ იცოდა ამ დაჯგუფების შესახებ.
მიშას და ვანოს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულ საარჩევნო რესურსს კრეფდა მოსახლეობის სახით. ერთ ვერსიად გაჟღერდა, რომ ახმეტაში მათ უნდოდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. ამას ზუსტად აკეთებდნენ ამ ფარული ჯგუფის საშუალებით, რომელსაც შემდეგ ჩახოცავდნენ. ბაჩო ახალაიასაც პრობლემა შეექმნებოდა, იმიტომ რომ ვანო და ბაჩო ერთმანეთის მტრები იყვნენ. ან მოიშორებდნენ ამ კაცსაც და ბაჩოსაც გადააყოლებდნენ ამ საქმეს - პოლიტიკური პრობლემაც გადაწყდებოდა და შიდა უთახმოებაც“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.