3-02-2020
„მიუხედავად ამ წერილებისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ფაქტია და ოფიციალური ვაშინგტონიც აცხადებს, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა, ასეთ მაღალ ნიშნულზე არ ყოფილა არასოდეს, როგორიც არის დღეს. ეს არის ოფიციალური პოზიცია, ეს არის ოფიციალური განცხადებები. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ფონზე ნებისმიერი განცხადებები, ერთი წერილიც კი საყურადღებო არ არის, როდესაც კონგრესმენი ან სენატორი აგზავნის წერილს და იქ გამოთქვამს შეშფოთებას, აუცილებელია ამას ყურადღბა მიექცეს და მინიმუმ დეტალები გავიგოთ თუ რა არის იმის საფუძველი“,-ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გააკეთა.
კახა კუჭავას განცხადებით, საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უახლოეს დღეეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტს გამართავს და მნიშნელოვან და მოცულობით ღონისძიებას „ლოცვის შემდგომ საუზმეს“ (National Prayer Breakfast), სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერი იყრის თავს, დაესწრება. მისივე თქმით, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესის წევრებთან.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ხშირად გვაქვს ვიზიტები, თუმცა ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ღონისძიებას დავესწრებოდით.ვიყენებთ ამ შანსს, ამ ვიზიტს, რომ აუცილებლად მოვახერხოთ და ის დარჩენილი ორი-სამი დღე, შევხვდეთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენ შეგვხვდეს და მათ, ვისაც ჩვენც გვინდა რომ ვესაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც მათ აწუხებთ და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე ჩვენ ვდგევართ. რაღაც პერიოდულობით ყოველთვის ჩადის საქართველოდან დელეგაცია და შესაბამის უწყებებთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან მართავს შეხვედრებს იმ საკითხებზე, რომელიც იმ დროისთვის არის აქტუალური“,-განაცხადა კახა კუჭავამ.
ვიცე-სპიკერის თქმით, არის წერილები, სადაც აშკარად ჩანს არასწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად გამოთქმული წუხილი და მნიშნელოვანია პირადი შეხვედრების დროს გაირკვეს თუ რა გახდა ამის საფუძველი.
„ეს ტენდენცია სამწუხაროდ არის არა მარტო ამერიკის შემთხვევაში. ევროპარლამენტში ჩემი დაახლოებით ორი კვირის წინანდელი ვიზიტის დროს ეს ძალიან კარგად იგრძნობოდა. პირად საუბრებში ჩანდა და თვითონაც ხვდებიან, თუ რამდენად არასწორი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული და ამ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს დასკვნები, თუმცა ჩვენ გვქონდა შეხვედრები და მათთან საუბარი.ჩვენ ვართ ძალიან აქტიურად ჩართული ამ ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პირადად ხვდები და პირადად საუბრობ ამ საკითხებზე“,- განაცხადა კახა კუჭავამ.