3-02-2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე ხატი წილოსანი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩს აბდულა ალ-მუტაირს შეხვდნენ.
მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო, საუდის არაბეთში ქართული ცხვრის ექსპორტის საკითხს.
მინისტრმა აბდულა ალ-მუტაირს ქართული თხილის, თაფლის და ლურჯი მოცვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ პროდუქციას მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს. ყურადღება ეკოტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გამახვილდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა საქართველოსთან, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანასთან, აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.