3-02-2020
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ბ.გ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, დაბა ასპინძაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ბ.მ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბ.გ. იმავე დღეს დაბა ასპინძაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.