3-02-2020
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს პასუხობს:
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, ინფორმაცია, თითქოს 77 000 ბავშვი შიმშილობს, ისეთივე ტყუილია, როგორც რამდენიმე წლის წინ ამავე პარტიის ლიდერის განცხადება, რომ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება.
რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, რა თქმა უნდა ეს პრობლემად რჩება, მაგრამ არა ისე რომ ქვეყანაში 77 000 ბავშვი შიმშილობდეს.
2017 წლის შემდეგ ამ მიმართულებით კვლევა არ ჩატარებულა, არადა, ბოლო პერიოდში ბევრი მანამდე არარსებული აქტივობა განხორციელდა და იმედი მაქვს, რომ რეალური სურათი დღეს უკვე სხვა იქნება. სხვადასხვა პროგრამებთან ერთად დამატებით ამოქმედდა შობადობის წამახალისებელი პროგრამა, რომელიც რეგიონებში გულისხმობს ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვისათვის ყოველთვიურ დახმარებას ბარში 150 ლარის, ხოლო მთაში 200 ლარის ოდენობით, სანამ ბავშვი არ გახდება 2 წლის. პარალელურად ამისა მოქმედებს მთის სტატუსის მქონე დასახლებებში დამატებით I და II ბავშვზე ყოველთვიური დახმარება.
სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახებისთვის გარდა სოციალური მხარდაჭერისა, დამატებით გაიცემა თითოეულ ბავშვზე 50 ლარამდე დახმარება, რომელსაც 137 000 ბავშვზე მეტი ღებულობს. ოთხი და მეტშვილიანი ოჯახებისათვის მოქმედებს ელექტროენეგრიის სუბსიდირების პროგრამა, პარალელურად მოქმედებს კრიზისული ბავშვიანი ოჯახების დახმარება.
საბავშვო ბაღები, როგორც არასოდეს, ხელმისაწვდომია ყველა ბავშვისათვის და მათი კვება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ბავშვები საკუთარ ოჯახებში მოვლილნი და გამოკვებულნი ბრუნდებიან. არ მგონია თქვენს მიერ მოყვანილი 77 000 ბავშვიდან საბავშვო ბაღში არც ერთი მათგანი არ დადიოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება, გირჩევდით პოლიტიკური ვაჭრობისათვის არ გამოიყენოთ სოციალური თემატიკა, მითუმეტეს ბავშვები. თუ გნებავთ, პოლიტიკის მიღმა, მონაწილეობა მიიღოთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაში ნუღარ დააგვიანებთ და დაეხმარეთ მათ. ამისათვის ხელისუფლებაში მოსვლის პირობას ნუ წაუყენებთ ბავშვებს. არადა მათი ოჯახების სიღარიბეს შესაძლოა საბანკო სექტორის მტაცებლურმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი, რაც თქვენ ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ.