3-02-2020
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ხვალ კომპანია „ფრესკოს“ სარჩელზე შემაჯამებელ სხდომას გამართავს და მოსალოდნელია გადაწვეტილების გამოცხადება.
სასამართლო 2017 წლიდან განიხილავს შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელს ახალგაზრდა უფლებადამცველის, გიორგი ლაბაძის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამების შემცვლელი, ცრუ ინფორმაციის უარყოფა. კერძოდ, კომპანიის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს გიორგი ლაბაძემ „ფეისბუქის“ კუთვნილ გვერდზე: „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ უარყოს 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით გახმაურებული ცნობები კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა: „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით“ გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობა, მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება და კომპანიის მხრიდან სარჩელის წარმოებისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ საქმეზე მოწმის სახით თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი გამოკითხა, რომელმაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში, კომპანია „ფრესკოს“ შემოწმების ფაქტზე ისაუბრა. ორგანიზაციის მხრიდან ლევან ჟორჟოლიანის მიმართ დასმული შეკითხვა შეეხებოდა, მოახდინა თუ არა სოცილაური ქსელის მეშვეობით გაკეთებულმა მისმა წინმსწრებმა განცხადებამ კომპანიაში იმ მტკიცებულებების განადგურება, რომელიც დარღვევების შესახებ მიუთითებდნენ, რაზედაც განაცხადა, რომ ასეთი გავლენა არ შეიძლება სერიოზულად მიჩნეულიყო, ვინიადან განცხადებაში არ იყო მითითებული, თუ კომპანიის რომელი ფილიალის შემოწმებას გეგმავდა სახელმწიფო. დადგენილია, რომ 2017 წლის 8 თებერვალს, კომპანია „ფრესკოში“ ჩატარდა არაგეგმიური შემოწმება, რომლის მიზანს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების გამოვლენა წარმოადგენდა. ლევან ჟორჟოლიანმა კომპანიაში არსებული რთული შრომითი პირობების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია პირად სოციალურ გვერდზე გაიზიარა და თანამშრომლების მიმართ საჯაროდ გასცა მითითება, რომ მომდევნო დღეს კომპანია უნდა შემოწმებულიყო. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ შემოწმების საჯარო შეტყობინებით, კომპანიამ დარღვევების შესახებ არსებული ინფორმაცია გაანადგურა, შემოწმება კი ყოველთვის მოულოდნელ ღონისძიებას წარმოადგენს.
სასამართლოში გიორგი ლაბაძის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატები“ იცავს, რომელმაც კომპანიასთან დავის რაიმე ფორმით მორიგების შესაძლებლობა გამორიცხა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია, ვინაიდან არც ერთი სადავო გამონათქვამი, რომელის უარყოფასაც კომპანია მოითხოვს, არ ეკუთვნის გიორგი ლაბაძეს. სოციალურ გვერდზეც კომპანიის მიმართ გავრცელებული ყველა შეხედულება წარმოადგენდა კომპანიის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების აზრს, რაც ტექსტის გავრცელების დროს საზოგადოებისთვის გიორგი ლაბაძემ იმთავითვე ცნობილი გახადა. ამასთან, გიორგი ლაბაძემ ტელეკომპანიის ეთერით გაახმოვანა მხოლოდ კომპანიის თანმაშრომლების მიერ მიწოდებული განცხადებები და მოსაზრებები. შესაბამისად, მხარეს მიაჩნია, რომ მოქმედებდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და კომპანიის მოთხოვნები დაუსაბუთებელია.
ცნობისთვის: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა, რომელსაც ამჟამად მოსამართლე ქეთევან კუჭავა განიხილავს. სხდომა 11:00 საათზე განახლდება.