4-02-2020
350-მდე ქართველი სტუდენტი უცხო ქვეყნებიდან საქართველოს უნივერსიტეტებში მობილობას უგამოცდოდ ითხოვს.
განათლების სამინისტროსთან სტუდენტების ნაწილი შეიკრიბა, რომლებსაც კარვები აქვთ გაშლილი და აქციას მართავენ.
ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც კიევის, ერევნისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტებში 2019 წელს ჩაირიცხნენ და ახლა საქართველოს უნივერისტეტებში მობილობით გადმოსვლა სურთ.
ამისათვის მათ კანონმდებლობით დადგენილი ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება უწევთ, რასაც აპროტესტებენ.
სტუდენტები მიიჩნევენ, რომ განათლების სამინისტრო მათ ხლოვნურ ბარიერებს უწესებს.
„სახელმწიფომ დაგვიწესა ბარიერი, გამოცდა, გვითხრეს, რომ ეს გამოცდა იქნება ისეთი, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა, მაგრამ ეს არის სამაგისტრო გამოცდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები უპრობლემოდ გადმოდიან და აბარებენ ნებისმიერ უნივერისტეტში, ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა ჩავალაგოთ ჩემოდნები და წავიდეთ სხვა ქვეყანაში. არანაირი გვერდში დგომა არ გამოუხატია სამინისტროს ჩვენთან მიმართებაში,” – აცხადებს კიევის სამართლის, ეკონომიკისა და ტურიზმის უნივერსიტეტის სტუდენტი მარი ფირალიშვილი.
ისინი განმარტავენ, რომ შარშან მობილობის მსურველ ქართველ სტუდენტებს სახელმწიფო გამოცდა მოუხსნეს.
სტუდენტების აქციას დღეს მოძრაობა „შეცვალეც“ შეუერთდა, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ მობილობის მსურველ სტუდენტებს.
სტუდენტებს გამოეხმაურა განათლების სამინისტრო. სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი ეკა რურუა განმარტავს, რომ აღნიშნული ახალგზრდები საქართველოს მოქალაქეები არიან და შესაბამისად მათზე ქართული კანონმდებლობა მოქმედებს, თუმცა, ისინი ოთხი გამოცდის ნაცვლად, ერთ, უნარების გამოცდას აბარებენ.
სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ სტუდენტებს გამოცდის ჩანაცვლებაც შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ცნობილია, პროტესტის პარალელურად, 343 სტუდენტი მაინც დარეგისტრირდა უნარების გამოცდაზე.
„აღნიშნულ პირებთან შედგა სამინისტროში შეხვედრები იანვარში. მათ შეხვდა მინისტრის მოადგილე ნინი მიცკევიჩიც. საგულისხმოა, რომ ერთი წლის წინ მათ უკვე იცოდნენ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ვინც მოიპოვებდა სწავლის უფლებას უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოუწევდათ მხოლოდ ერთი გამოცდის, უნარების ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება. მათ მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლის უფლება, ანუ დაადასტურეს იქაური კანონმდებლობა და ჩაირიცხნენ. ახლა ჯერი დადგა, რომ საქართველოს კანონმდებლობა იყოს დაკმაყოფილებული. პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ოთხი საგნის ჩაბარება. ამ პირებს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში სწავლობენ და უნდათსაქართველოს უნივერსიტეტებში მობილობით გადმოსვლა, უწევთ მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება” – აცხადებს ეკა რურუა.
სტუდენტები განათლების სამინისტროსთან დღეს გზის გადაკეტვასაც აპირებენ.