4-02-2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის „FONDAZIONE EDMUND MACH“ გენერალურ დირექტორს, მარიო დელ გროსო დესტრერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის აგრარულ დარგში სამეცნიერო-კვლევითი და პროფესიული განათლების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის აგრარული დარგის სპეციალისტების მომზადება აქტუალური საკითხია. შესაბამისად, ამ კუთხით იტალიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე მინისტრმა მარიო დელ გროსო დესტრერს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ექსტენციის სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ამავე ცენტრის მეხილეობა-მევენახეობის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი ესწრებოდნენ.