7-02-2020
„ქართული ოცნების“ დეპუტატი და საპროკურორო საბჭოს წევრი, ანრი ოხანაშვილო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მისი მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს ექნება.
ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის გენერალური პროკურორის შერჩევისთვის მთავარი კრიტერიუმებია კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და პროფესიული გამოცდილება.
„კრიტერიუმები პირადად ჩემთვის არის კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება, პროფესიული გამოცდილება და ის პასუხები, რა პასუხებიც იქნა გაცემული კანდიდატების მხრიდან, ასევე ის ხედვა, რომელიც იქნა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი იყო მომესმინა თითოეული კანდიდატის ხედვა სამართლიანობის აღდგენის პროცესის შემდგომ გაგრძელებასთან, სისხლის სამართლის პოლიტიკასთან, დაზარალებულის უფლებების გაუმჯობესებასა და პროკურატურის სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამ პრინციპებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამ კრიტერიუმებში ყველაფერს პასუხობს ბატონი ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და მას ექნება ჩემი მხარდაჭერა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დღეს საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს.