7-02-2020
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია.
საპროკურორო საბჭოს არჩევანის გაკეთება ოთხ კანდიდატს შორის მოუწია, კერძოდ, გენერალური პროკურორობის კანდიდატები იყვნენ ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია.
საბჭომ ირაკლი შოთაძე 11 ხმით აირჩია. სოფიო შენგელიამ საბჭოს წევრთა ერთი ხმა აიღო.
საპროკურორო საბჭოს 13 მოქმედი წევრი ყავს. დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იურისტი ირაკლი შოთაძე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.
ირაკლი შოთაძე სქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით იკავებდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.