7-02-2020
„მეამაყება, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ადამიანის უფლებების ორგანიზაციასთან ერთად მხარს უჭერს საქართველოს ახალ სტრატეგიას ადამიანის უფლებების სფეროში, რისთვისაც დაფინანსება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოჰყვეს. გვახარებს, რომ საკითხს ასეთი მაღალი პრიორიტეტულობა ენიჭება საქართველოს მთავრობის მხრიდან,“ – ასე ეხმაურება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას „ტვიტს“ ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნულის შესახებ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც ვრცლად საკითხს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
„წელს ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების ახალ ეტაპზე გადავდივართ. 2012 წლიდან საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან ადამიანის უფლებების ახალ სტრატეგიაში მათი მხარდაჭერის გასათვალისწინებლად,“- წერს საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების ახალ, გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში გამოყენებული იქნება ყველა შესაძლო პლატფორმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები და სწორედ 2013 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც სრულად იყო შესრულებული და თითოეული რეფორმის გატარების დროს ადამიანის უფლებების სტრატეგია იყო სრულად გათვალისწინებული. წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, რომელიც იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.